
ნატო ონიანის მონოგრაფია – „დემნა შენგელაია მოდერნისტული რომანის საწყისებთან“ განხილულია XX საუკუნის ქართული პროზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, მწერლისა და ფოლკლორისტის, დემნა შენგელაიას შემოქმედების ის პერიოდი, რომელიც ახალი მიმდინარეობის, მოდერნიზმის ეპოქას დაემთხვა და კარდინალურად შეცვალა არა მხოლოდ ლიტერატურული პროცესი, არამედ საზოგადოდ, ქართული სააზროვნო სივრცე.
ნაშრომი იმდენად საიტერესოდაა აღწერილი დემნა შენგელაიას შემოქმედება, რომ მკითხველისთვის ძნელი იქნება, მის ფურცლებს მოწყდეს. მითოსური ხატები, მისტიური ამბები ისე დამაფიქრებლად და გასაოცრად აქვს გადმოცემული, რომ ვფიქრობ, ავტორს დამოუკიდებელი წიგნის გამოცემის პერსპექტივაც აქვს.
რაც შეეხება თავად, დემნა შენგელაიას, სამტრედიაში, სოფელ საჭილაოში დაბადებულ მოაზროვნეს – მისი „სანავარდო“ ფაქტობრივად, პირველი ქართული მოდერნისტული რომანია, პირველი ქართული უსიუჟეტო რომანი, რომელიც 1924 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „მნათობში“. მას მოჰყვა „გურამ ბარამანდია“, რომელიც 1925 წელს, ჟურნალ „მნათობის“ დამატების, სამხატვრო-სალიტერატურო ალმანახ „დარიალის“ ერთადერთ ნომერში დაიბეჭდა. მესამე რომანი „ტფილისი“ კი 1927 წელს, ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა. სწორედ ეს სამი რომანი გახდა წარმოდგენილი მონოგრაფიის კვლევის საგანი.
ეპოქა, რომელშიც დემნა შენგელაიას რომანები იქმნებოდა, საინტერესოც იყო და რთულიც: ერთი მხრივ, სამყარო ტექნოლოგიური რევოლუციის ავ-კარგს იმკიდა, იყო იქამდე არნახული სისასტიკის ომი და სისხლიანი რევოლუციები, სამეცნიერო და კულტურული აფეთქებები, იცვლებოდა მსოფლიო; მეორე მხრივ კი, თავად ქვეყანა – საქართველო, უკვე მერამდენედ, იმყოფებოდა ეგზისტენციური კრიზისის პირობებში და გამოსავალს ეძებდა. მწერლის სამივე რომანი სწორედ ამ ეპოქის სულისკვეთებით სუნთქავს.
ნატო ონიანმა კი ისე მოიტანა მკითხველამდე, დემნა შენგელაია, დიდუბის პანთეონში დაკრძალული, მაგრამ მაინც უსამართლოდ ჩრდილში მყოფი მწერალი, რომ მოგინდება მოძებნო, გაიკითხო, ხელში ჩაიგდო და სულმოუთქმელად გაეცნო მის შემოქმედებას, რადგან გრძნობ, რომ მან „ქმნის ვნება“ მოუტანა სამყაროს და საქართველოს.
რედაქტორი: ოლიკო ცისკარიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
ნახატი ყდაზე: ალექსანდრე სოსელია



დატოვე კომენტარი