ანი მაზიაშვილი
ისეთი აღწერაა, იმდენად გვიცოცხლებს გმირებსა თუ გარემოს, რომ თითქოს იქ ხარ, მატიანესავით დამკვირვებელი ხარ ამ ყველაფრის, ბალახებში გაჩუმებული ზიხარ და შეჰყურებ ისტორიის საუკეთესო პერიოდს. წიგნის სახელი – “მსტოვარია”. ავტორი, სწორედ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ინსტიტუტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ისტორიულად თითქოს დაუფასებლები, ყოველთვის მეფის ან დიდგვაროვნების ჩრდილში მყოფნი, თუმცა საუკეთესო საყრდენნი, ნდობის თვალსაზრისით უპირველესნი. ,,თვალი თვალთა და ყური ყურთა და ხელი ღონიერი, რომელიც ამ ამბავს მართავდა“. საინტერესოდ აღწერს ალექსანდრე პაიკიძე მსტოვრების საქმიანობას მტრის გამოჩენის შემდგომ – ინფორმაციის სწრაფად გადაცემას, ერთი საგუშაგოდან მეორე საგუშაგომდე მისვლას, იქიდან კი ახალი მსტოვრის გაგზავნას. ეს იმდენად შეთანხმებულად, იმდენად ბუნებრივად ხდება, რომ იფიქრებ ამის მეტი საქართველოში არაფერი უკეთებიათო. და ასე იცვლებიან, ვიდრე ბოლო მსტოვარი მეფემდე არ მიაღწევს. ,,ჯვარი ფარად ჰქონდა, ხმალი სიკვდილად“ – გუარამ ვარდანისძე, მსტოვართ მსტოვარი კი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. სელჩუკებმა ,,ჯვრით მკვლელი“ შეარქვეს და აქედანაც კარგად ჩანს თუ როგორი ადამიანი ედგა დავითს გვერდით ჭყონდიდელის შემდეგ. ავტორი მხოლოდ ერთ ამბავს არ გვთავაზობს, ეს მხოლოდ დიდგორის ბრძოლა არ არის, ეს არის ისტორიაში მოგზაურობა. ნებისმიერმა შეიძლება აიღოს ეს წიგნი და მიხვდეს, თუ რა ვითარებაში იყო საქართველო დავით აღმაშენებლის მოსვლამდე, ვინ სწუხდა ქვეყნის ბედზე და ვინ ცდილობდა მტრის წისქვილზე წყლის დასხმას. ნელ-ნელა კი ვხვდებით დავითის მოსვლის შემდეგ, როგორი წეს-წყობა იყო, რამდენად სანდო ადამიანები ჰყავდა მეფეს შემოკრებილი და თანდათან როგორ დგებოდა ქვეყანა ფეხზე. ,,უერთგულესი ადამიანები, თავზეხელაღებული მეხმლეები, უბადლო მშვილდოსნები, ყოველგვარ იარაღთა მომხმარენი და დიდოსტატი მკვლელები“ – საინტერესოა როგორ ჭკვიანურად იყო დაკომპლექტებული მსტოვართა ინსტიტუტი და როგორი საჭირო იყო ის ქვეყნის გადარჩენისთვის. გარდა მსტოვრებისა, ჩვენ ვეცნობით ასევე ფუსტებს, რომლებსაც არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდათ. ცოტანი იყვნენ, მაგრამ ქვეყნისთვის თავდავებული და გამორჩეული მეომრები. დავით აღმაშენებლის შესახებ ბევრი თქმულა, ბევრი წიგნიც დაიწერა, თუმცა ასე მკაფიოდ, ასე რეალისტურად და საინტერესოდ არც ერთ მწერალს არ გადმოუცია. რატომღაც ვმკაყოფილდებოდით იმით, რასაც ვკითხულობდით და რასაც ისტორია გვთავაზობს, თუმცა დიდგორის ბრძოლა ცალკე მემკვიდრეობაა, ცალკე მომხდარი სასწაული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ჩვენი გადარჩენის უდიდესი მაგალითი. ამას ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო აცნობიერებ. თითოეულ თავში ხედავ, როგორ შესტკივათ გული ქვეყნის ბედზე, მის მომავალზე, თუმცა ამისთვის ცოტა თუ მოქმედებს, ცოტა თუ იბრძვის. ალექსანდრე პაიკიძე სწორედ ამ ხალხს გამოკვეთს, ისინი რატომღაც ისტორიაში ნაკლებად ჩანან, თუმცა მათ გამოა, რომ დღეს ჩვენ ქვეყანა გვაქვს და დღესაც ვარსებობთ. ჩვენ ვხედავთ, თუ რაზე უწევს მეფეს წასვლა. მძიმე ასატანია მისი დუმილი და ამ დუმილში ჩაქსოვილი ქვეყნის, ხალხის ბედ-იღბალზე დარდი. თუმცა გადაწყვეტილება ქვეყნის სასიკეთოდ კეთდება. ამის პარალელურად ავტორი გვიყვება, თუ როგორ ცდილობს დავითი ქვეყნის გამთლიანებას, სანდო ადამიანების სხვადასხვა კუთხეებში გაერისთავებას და ნელ-ნელა მტრის ქვეყნიდან გაძევებას. თუმცა მტერი არა მხოლოდ უცხო, არამედ შენი ქვეყნის შვილიც რომ არის კიდევ უფრო გირთულდება გეგმის განხორციელება და ეს ყველაფერი დროში იწელება. 93 გვერდი და მათზე ამოტვიფრული ჩვენი ქვეყნის საუკეთესო პერიოდი. თოთოეული გვერდი საინტერესო და აღმაშფოთებელია. მოლოდინში ხარ, როგორ განვითარდება მოვლენები და შენი წარმოსახვაც კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. არ გინდა, რომ დასრულდეს, არ გინდა, რომ ასე მალე მოვიდეს ნანატრი და სასახელო გამარჯვება. ასეთია წიგნი ,,მსტოვარი“. ავტორმა, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა – ,,ქვაში ჩაკირული საიდუმლო განაცხადა სიტყვაში“ და ამით ქართველ ხალხს კიდევ უფრო გაგვიცოცხლა ის პერიოდი და კონკრეტულად ის დღე – 1121 წლის 12 აგვისტო, სასწაულებრივი გამარჯვება ჩვენზე ბევრად მრავალრიცხოვან მტრებზე – თურ-სელჩუკებზე , რაც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს.



დატოვე კომენტარი