ანო ტვილდიანი

ლიტერატურაში კატა თავისუფალი სულის სიმბოლოა. ძველ ეგვიპტეში კი ითვლებოდა, რომ სახლში კატის ყოლა ოჯახს ბედნიერებას და სიხარულს მოუტანდა.
ალბათ, ეს ორი რამ ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. არსება, რომელიც თავისუფლებისთვის იბადება ჩვენს ამულეტად და თილისმად ვაქციეთ, რათა თავი უფრო ამაღლებულად და დაცულად გვეგრძნო.
კატა, რომელიც ქალს უსმენდა იმ ადამიანების კრებითი სახეა, რომლებმაც სამყაროში თავიანთი გზა დაკარგეს, ნებიერად თუ უნებურად, სხვების სულიერ თავშესაფარში აღმოჩნდნენ და თბილ ზეწარში გახვეულებს, მზის ცხელ გულზე ნებივრობა დაავიწყდათ.
ქუჩაში ბევრი საფრთხეა, იქ ძაღლები არიან. კატას ყოველ დღე უწევს ბრძოლა იმისთვის, რომ გადარჩეს. ქალმა კი იგი შეიფარა. უვლის, ეფერება, საკვებით ამარაგებს, გულის დარდებსაც უზიარებს. სხვა რა სჭირდება კატას ბედნიერებისთვის?
ალბათ, ის, რაც ადამიანს – მთელი სამყარო.
ნაწარმოები ერთი შეხედვით ზღაპრულ სამყაროს მოგაგონებთ, გადმოსულს მარტოხელა ქალის ყოფით ცხოვრებაში. მკითხველი ამ ქალის შინაგან მდგომარეობას კატის ფიქრებში კითხულობს. ანუ კატა ერთგვარი სარკეა, რომელიც ცნობიერს და არაცნობიერს ერთმანეთთან აკავშირებს.
როცა რომანს კითხულობ, ხედავ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ რეალობას, რომელიც ასე ტანჯავს კაცობრიობას გაჩენის დღიდან და ავტორი გაიძულებს ამ სასტიკ რეალობაში ადამიანური სევდის ხიბლი დაინახო.
საკითხავია, ვინ არის მფარველი და ვინ შეფარებული. ალბათ, იფიქრებთ, რომ მფარველი ქალია, მაგრამ ასე არ არის. მას უფრო სჭირდება კატა, ვიდრე პირიქით. მაგრამ ეს კატამ არ იცის.
საბოლოოდ, მას მაინც წასძლევს სურვილი და გადადგამს საბედისწერო ნაბიჯს. მწერალი დიდ ფანჯარას ტოვებს ღიას და არავინ იცის, დაიხურება თუ არა იგი. მკითხველმა თავად უნდა გადაწყვიტოს დაბრუნდება კატა სახლში თუ დარჩება ქუჩაში, ბედისწერის პირისპირ.
ეს ნაწარმოები ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ, სიყვარული, სიცოცხლე, სიკვდილი, სევდა, მწუხარება, ბედნიერება, ომი და მშვიდობა. ავტორი ყველა ცხოვრებისეულ თემას ეხება. არც საქართველოსა და უკრაინის საერთო პოლიტიკურ გასაჭირს ივიწყებს და გულმხურვალედ თანაუგრძნობს თავისუფლებისთვის მებრძოლებს.
ბევრს აღარ გავაგრძელებ, დანარჩენი თავად უნდა ნახოთ. მხოლოდ ერთს დავამატებდი, ნაწარმოებში კატა შემოქმედი ადამიანის სულია. მწერალი, პოეტი, მხატვარი, მუსიკოსი, ნებისმიერი ხელოვანი შეიძლება დავინახოთ მასში. შემოქმედის საკრალური ბედი, რომელიც ტრაგედიით საზრდოობს, მაგრამ სწორედ ეს ტრაგედია ხდება მისივე აღსასრულის მიზეზიც.
კომფორტული ბინა ან თავისუფალი ქუჩა. კატას სწორედ შემოქმედებითი მიზეზი აიძულებს სტაბილურ გარემოში დარჩენას და ამავე მიზეზითვე გარბის თავგადასავლის საძებნელად.



დატოვე კომენტარი